მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

WaPpi.Ucoz.Com

პარ, 2024/აპრ/19
მთავარი » სტატიები » ზოგადად ბუნება

ნადირობა საქართველოში



განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.

ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).

აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.

ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ სარეწაო, სპორტისა და სამეცნიერო ნადირობას.
სარეწაო ნადირობის მიზანია ბეწვის, ხორცისა და სხვა პროდუქციის მოპოვება მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ექსპორტისათვის.
სპორტული ნადირობა, გარდა აღნიშნულისა, ითვალისწინებს აგრეთვე მონადირის ფიზიკურ მომზადებას, გამბედაობის და სწრაფი ორიენტირების უნარის გამომუშავებას. ნადირობა დასვენების სპეციფიკური ფორმაცაა. სპორტული ნადირობის საფუძველზე ვითარდება სამონადირეო ტურიზმი როგორც ცალკე ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის.
სამეცნიერო ნადირობა ტარდება სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებების დავალებით, რომლის მიზანია სანადირო ფაუნისა და ნადირის დაავადებების შესწავლა, სამხარეთმცოდნეო მუზეუმების შევსება, სამეცნიერო კოლექციების შედგება და სხვა.

საქართველოში ძირითადად განვითარებულია სპორტული ნადირობა, სარეწაო მნიშვნელობა აქვს ბეწვეულის დამზადებასაც (კვერნა, მელა და სხვა). საქართველოს სსრ-ში მოქმედებდა „დებულება ნადირობისა და სანადირო მეურნეობის შესახებ“ (საქ. სსრ მინისტრთა აბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს დადგენილება; მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1963, 4, მ. 139). ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობის უფლება ეძლევათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომელთაც სანადირო ბილეთი აქვთ და მონადირეთა საზოგადოების წევრები არიან. ნადირობის წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (უკანონო ნადირობა, ბრაკონიერობა). 1977 წლის 6 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება „რესპუბლიკაში სასარგებლო ფაუნის კვლავწარმოებისა და სამონადირეო მეურნეობის შემდგომი განვიტარების ღონისძიებათა შესახებ“. 1981 წლის 19 ივნისს მიღებულია „საქართველოს სსრ კანონი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ“.

ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოხანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებას და მის რაციონალურ გამოყენებას. ეს ხდება როგორც სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

კატეგორია: ზოგადად ბუნება | დაამატა: lipo (2012/თებ/21)
ნანახია: 706 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: